როგორ ზრდის დამოუკიდებელი Payroll ფუნქცია HR-ის ეფექტურობას

როგორ ზრდის დამოუკიდებელი Payroll ფუნქცია HR-ის ეფექტურობას


ავტორი: ნათია მჭედლიშვილი / ჯგუფის ხელმძღვანელი


ადამიანური რესურსების მართვა (Human Resources Management) ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე HR-ის საქმიანობა ძირითადად ადმინისტრაციულ პროცესებზე იყო ორიენტირებული, დღეს ის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. თანამედროვე HR-ის როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ პროცესების მართვით, ის ქმნის თანამშრომლის გამოცდილებას, ავითარებს ტალანტებს, აძლიერებს ორგანიზაციულ კულტურას და ხელს უწყობს ბიზნესის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას.

ამ ცვლილებების ფონზე სულ უფრო მეტი კომპანია სახელფასო ადმინისტრირებას (Payroll Administration) დამოუკიდებელ ფუნქციად აყალიბებს. სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებულ მოდელს ირჩევს - Payroll შეიძლება იმართებოდეს სპეციალიზებული გუნდის მიერ, ფინანსურ მიმართულებაში, ან მთლიანად გადაეცეს აუთსორსინგ პარტნიორს.

ეს მიდგომა HR-ის როლის შემცირებას არ ნიშნავს, პირიქით, ის HR-ს  შესაძლებლობას აძლევს მეტი ყურადღება დაუთმოს იმ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ქმნის ღირებულებას თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის.


თანამედროვე HR-ის პასუხისმგებლობის არეალი

დღეს HR-ის საქმიანობა მრავალ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის:

  • თანამშრომლების შერჩევასა და აყვანას
  • შრომითი ურთიერთობების მართვას
  • შვებულებებისა და სხვადასხვა HR პროცესის ადმინისტრირებას
  • თანამშრომელთა მონაცემების მართვას
  • ბონუსებისა და სოციალური შეღავათების ადმინისტრირებას
  • Payroll პროცესის კოორდინაციას.

ამ პროცესებიდან Payroll განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან აერთიანებს ფინანსურ, საგადასახადო, შრომით-სამართლებრივ და ტექნოლოგიურ კომპეტენციებს. მისი წარმატებული მართვა დამოკიდებულია სიზუსტეზე, კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და მონაცემთა უსაფრთხოებაზე.

Payroll-ის ფარგლებში, როგორც წესი, ხორციელდება:

  • ხელფასების დარიცხვა
  • გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების გაანგარიშება
  • ავანსებისა და გამოქვითვების ასახვა
  • ზეგანაკვეთური ანაზღაურების დამუშავება
  • შვებულებებისა და ავადმყოფობის დღეების ფინანსური ასახვა
  • საბანკო გადარიცხვების მომზადება.

სწორედ ამ სპეციფიკის გამო, საერთაშორისო პრაქტიკაში Payroll სულ უფრო ხშირად დამოუკიდებელ სპეციალიზებულ ფუნქციად ყალიბდება.


რა სარგებელი აქვს ამ მიდგომას HR-ისთვის?

Payroll-ის გამოყოფის შემდეგ HR თავისუფლდება ყოველდღიური ოპერაციული  პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილისგან და მეტი შესაძლებლობა ეძლევა კონცენტრირდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ეფექტიანი რეკრუტინგი
  • თანამშრომლების განვითარება
  • თანამშრომლის გამოცდილებისა და ჩართულობის გაუმჯობესება
  • ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება
  • მონაცემებზე დაფუძნებული HR გადაწყვეტილებების მიღება.

შედეგად, HR უფრო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პროცესში.


რისკების მართვა უფრო ეფექტური გზით

Payroll-ის სპეციალიზებულ ფუნქციად მართვა ზრდის პროცესების ხარისხსა და საიმედოობას. მცირდება შეცდომების, საგადასახადო შეუსაბამობებისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკები, ხოლო პასუხისმგებლობები უფრო მკაფიოდ ნაწილდება HR-ს, ფინანსურ გუნდსა და Payroll ფუნქციას შორის.


საერთაშორისო პრაქტიკა

დღეს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია Payroll-ს HR-ისგან დამოუკიდებლად მართავს. ყველაზე გავრცელებული მოდელებია:

  • სპეციალიზებული Payroll გუნდი
  • Payroll-ის აუთსორსინგი
  • HRIS სისტემების გამოყენება, სადაც HR მართავს თანამშრომელთა მონაცემებს, ხოლო Payroll-ის დამუშავებას შესაბამისი სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

მოდელის არჩევანი ორგანიზაციის ზომაზე, სტრუქტურასა და ბიზნესის საჭიროებებზეა დამოკიდებული, თუმცა საერთო ტენდენცია ერთია - Payroll სულ უფრო მეტად ყალიბდება სპეციალიზებული  ექსპერტიზის სფეროდ.

Payroll-ის დამოუკიდებელ ფუნქციად ჩამოყალიბება HR-ის როლსმხოლოდ აძლიერებს. ეს არის თანამედროვე ორგანიზაციების ბუნებრივი ევოლუცია, რომელიც თითოეულ ფუნქციას საშუალებას აძლევს იმაზე კონცენტრირდეს, რასაც ყველაზე კარგად აკეთებს.

ერთი მხრივ, HR უფრო მეტ დროს უთმობს ადამიანების განვითარებას, თანამშრომლის გამოცდილებასა და ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს, ხოლო მეორე მხრივ Payroll უზრუნველყოფს სახელფასო პროცესების სიზუსტეს, შესაბამისობასა და უწყვეტობას.

სწორედ ამ ფუნქციების სწორი გადანაწილება ქმნის უფრო ეფექტიან, მოქნილ და თანამშრომლებზე ორიენტირებულ ორგანიზაციას.



მარიამ გოგიჩაშვილი

მარიამ გოგიჩაშვილი

მენეჯერი, სახელფასო აღრიცხვის აუთსორსინგი
View bio