საქართველო - ახალი CbCR რეგულაციის ამოქმედება 2025 წელს


Original content provided by BDO


2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგებასთან დაკავშირებით (CbCR).

საქართველოს საგადასახდო კოდექსში ანგარიშის წარდგენის ვალდებულება განისაზღვრა 2020 წელს, თუმცა ანგარიშის წარდგენის წესი ძალაში შევიდა 2025 წლის პირველი იანვრიდან, შესაბამისად ანგარიშის წარდგენის ვალდებულება უნდა შეეხოს 2025 და შემდგომ ფისკალურ წლებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ  საკანონმდებლო რეგულაცია აღნიშნულ საკითხზე მკაფიო არ არის და საყურადღებოა 2024 ფისკალური წელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,  თუ ჯგუფისთვის 2024 ფისკალური წელი სრულდება 2025 კალენდარულ წელს. 2024 ფისკალურ წელზე ანგარიშის წარდგენის ვალდებულების მომენტისთვის, ანგარიშის წარდგენის წესი უკვე ძალაში იქნება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა რეკომენდებული იყოს შეტყობინების გაგზავნა 2024 წელზეც და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა.

მოცემული რეგულაციის მიზნებისთვის ფისკალური წელი არის წლიური საანგარიშო პერიოდი, რომელთან დაკავშირებითაც მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო ამზადებს თავის ფინანსურ ანგარიშებს.

საქართველოს კანონმდებლობა მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგებასთან დაკავშირებით შეესაბამება OECD-ის რეკომენდაციებს, რომლებიც განსაზღვრულია BEPS პროექტის მე-13 მოქმედების ფარგლებში.


ვის ეხება აღნიშნული რეგულაცია საქართველოში?

რეგულაცია ეხება საქართველოს ყველა რეზიდენტ საწარმოს, რომელიც არის მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის წევრი და ჯგუფის მთლიანი კონსოლიდირებული შემოსავალი ფისკალური წლის განმავლობაში 750 მილიონ ევროზე მეტია.

მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის წევრი საქართველოს რეზიდენტი საწარმო, ვალდებულია წარადგინოს ანგარიში საქართველოში, თუ:

  • წარმოადგენს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელ საწარმოსან
  • კმაყოფილდება ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი პირობა:
    • მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო ან სუროგატი მშობელი დაწესებულება არ არის ვალდებული წარადგინოს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში იმ იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც ის წარმოადგენს.
    • ქვეყანას/იურისდიქციას, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საბოლოო მშობელი საწარმო ან სუროგატი მშობელი დაწესებულება, აქვს გაფორმებული მოქმედი საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მხარესაც წარმოადგენს საქართველო, მაგრამ არ აქვს ამოქმედებული კომპეტენტური ორგანოების კვალიფიციური შეთანხმება საქართველოსთან.
    • იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საბოლოო მშობელი საწარმო ან სუროგატი მშობელი დაწესებულება, ადგილი აქვს სისტემატიური ხასიათის შეუსრულებლობას, რის შესახებაც საქართველოს რეზიდენტ შემადგენელ საწარმოს აცნობა საგადასახადო ორგანომ.

მთავარი ვალდებულებები საქართველოში რეგისტრირებული საწარმოებისთვის

თუ საქართველოს რეზიდენტი საწარმო შედის მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფში, რომლის კონსოლიდირებული წლიური შემოსავალი აღემატება 750 მილიონ ევროს, მას ახალი რეგულაციის ფარგლებში დაეკისრება შემდეგი  ვალდებულებები:

თუ საწარმოს ეკისრება მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება საქართველოში:

  • უნდა შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს მსგავსი ვალდებულების შესახებ,  არაუგვიანეს ჯგუფის საანგარიშგებო ფისკალური წლის ბოლო დღისა
  • უნდა წარადგინოს ანგარიში ჯგუფის საანგარიშგებო ფისკალური წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე.

თუ საწარმოს არ ეკისრება მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარდგენის ვალდებულება საქართველოში:

  • მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის წევრმა საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ, რომელსაც აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად არ აქვს ანგარიშის წარდგენის ვალდებულება საქართველოში, უნდა შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს ანგარიშის წარმდგენი დაწესებულების საიდენტიფიკაციო მონაცემები და ის სახელმწიფო, რომლის რეზიდენტსაც ის წარმოადგენს არაუგვიანეს ჯგუფის საანგარიშო ფისკალური წლის ბოლო დღისა.

ანგარიშის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის დადგენილი ვადის დარღვევა ან არასრულყოფილი ანგარიშის წარდგენა, იწვევს დაჯარიმებას 5,000 ლარის ოდენობით.


ქეთევან აბუსერიძე

ქეთევან აბუსერიძე

პარტნიორი, საგადასახადო მიმართულება
View bio
დავით აბესაძე

დავით აბესაძე

მენეჯერი, ტრანსფერ ფრაისინგი, საგადასახადო მიმართულება
View bio