საჯარო და კერძო სექტორების დიალოგი შრომითი მიგრაციის ახალი რეგულაციების შესახებ


ოქტომბრის ბოლოს, European Business Association Georgia-ს (EBA) იურიდიული კომიტეტის ორგანიზებით, ასოციაციის წევრებსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის საკითხები და სამომავლო გეგმები. 


პანელური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და პრაქტიკული გამოცდილება, დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და EBA-ს წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ ახალი რეგულაციების გამოყენების პროცესში წამოჭრილი საკითხები.

დისკუსიის ფარგლებში შრომითი მიგრაციის რეგულაციების პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე ყურადღება გაამახვილა BDO-ს პარტნიორმა და EBA-ს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით გელაშვილმა. მან ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესში ბიზნესსექტორის საჭიროებების გათვალისწინებისა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობას.

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გაძლიერების, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ერთგვაროვანი განმარტებებისა და რელევანტური ინფორმაციის გაზიარების პროცესში, რაც ხელს უწყობს რეგულაციების ეფექტიან იმპლემენტაციას.


Image Caption