BDO პლასტმასის ნარჩენების შეგროვების შედეგებს აქვეყნებს

აპრილში ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პლასტმასის ნარჩენების შეგროვება დავიწყეთ და ერთობლივი ძალებით 300+ კგ პლასტმასი შევაგროვეთ. მართალია, ჩვენ შესაბამისი მარკირების მქონე ყველა ტიპის პლასტმასას ვაგროვებთ, თუმცა წარმოიდგინეთ, რომ საუბარია 12 600 ცალ ნახევარლიტრიან პლასტმასის ბოთლზე, რომლის დაშლას ნიადაგში 450 წელი სჭირდება.  

300+ კგ პლასტმასის ნარჩენისგან 200 კგ-მდე სინთეზური ბოჭკო (PS Fiber) იწარმოება. თუ რა რაოდენობის ტექსტილის დამზადებაა შესაძლებელი ამ რაოდენობის სინტეფონისგან, დამოკიდებულია ქსოვილის ტიპზე. პლასტმასის 8 ბოთლისგან შესაძლებელია 1 მაისურის, ხოლო 25 ბოთლისგან 1 ქურთუკის წარმოება. სინტეფონი ფართოდ გამოიყენება ცნობილი ბრენდების ნაწარმში და არის უსაფრთხო. პლასტმასის 1 ბოთლის გადამუშავებით შესაძლებელია დავზოგოთ იმდენი ენერგია, რამდენიც საკმარისია 60 ვტ ნათურის მუშაობისათის 3 საათის განმავლობაში. 

სტატისტიკურად, ერთჯერად პლასტმასს ადამიანი საშუალოდ 15 წუთის განმავლობაში მოიხმარს, მის დასაშლელად კი 100 წელზე მეტია საჭირო. ის არ არის ბიოდეგრადირებადი, ამიტომ ბუნებიდან სრულად არასდროს ქრება. იქცევა მიკროპლასტმასად, რომელიც მუდმივად ხვდება ნიადაგში, წყალში, ჰაერსა და ჩვენს ორგანიზმში. პლასტმასა, რომელიც თითქოს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ კომფორტად იქცა, უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს შთამომავლობაზეც.

მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ისეთი ფასეულობების პოპულარიზაცია, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს ეხმარება, გაიაზრონ ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობა და ყველამ ვიზრუნოთ გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობაზე.

პროექტი Solution Instead of Pollution გასული წლის აპრილში დავიწყეთ, თუმცა მაშინ, იმის წარმოდგენა, თუ რა შედეგებს მივიღებდით საპილოტე პროექტისგან, ძნელად წარმოსადგენი იყო.  ახლა უკვე, რესაიქლინგთან ერთად, პლასტმასას გამოყენების შემცირება და იდეალურ შემთხვევაში ელიმინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი უახლოესი გეგმებია შესყიდვების და პლასტმასის ჭურჭელში განთავსებული პროდუქტების მოხმარების ოპტიმიზაცია, რათა კიდევ უფრო ეფექტური იყოს მდგრადი განვითარების მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები.

2021 წლიდან BDO გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა და  აიღო პასუხისმგებლობა იმოქმედოს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის არეებში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით. პლასტმასის ნარჩენებთან ერთად ჩვენ ასევე ვახორციელებთ მაკულატურის შეგროვებასა და მიწოდებას მეორადი გადამუშავებისთვის.  BDO-ს, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის უმთავრესი ამოცანაა ჩვენი გადაწყვეტილებებით და თანმიმდევრული მოქმედებით შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და უზრუნველვყოთ მეტი მდგრადობა თემის, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.