2026 წელი Kolkhi GRT-ისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევებით დაიწყო. Kolkhi Georgian Racing Team-ის საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა მიზნად ისახავს ახალი სპორტული პროექტის განვითარებას, პროფესიული გამოცდილების გაღრმავებასა და კონკურენტულ გარემოში გუნდის შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ Kolkhi GRT არის პირველი ქართული დამოუკიდებელი სარბოლო გუნდი, რომელიც ავტოსპორტის ამ პრესტიჟულ სერიაში ასპარეზობს. გუნდის დასახელება კოლხეთის უძველეს ისტორიას უკავშირდება, ხოლო ლოგოზე გამოსახული კავკასიური ფოცხვერი და ქართული დროშის ელემენტები ხაზს უსვამს იმ მებრძოლ ხასიათსა და შემართებას, რომლითაც შემადგენლობა თითოეულ რბოლაზე წარსდგება.
NASCAR Euro Series: ჩემპიონატის მასშტაბები და სარბოლო გეოგრაფია
NASCAR Euro Series ლეგენდარული ამერიკული ჩემპიონატის ოფიციალური ევროპული სერიაა, რომელიც მაღალი სიმძლავრის ავტომობილებით, სანახაობრივი რბოლებითა და კონკურენტული გარემოთი გამოირჩევა. ჩემპიონატი კონტინენტის საუკეთესო ავტოდრომებს აერთიანებს და მრბოლელებისგან მაქსიმალურ სიზუსტესა და ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. Kolkhi GRT-ის შემადგენლობა ასპარეზში 8 ნომრით მონაწილეობს და მიმდინარე სეზონის განმავლობაში ძალებს ევროპის წამყვან ავტოდრომებზე მოსინჯავს. ესპანეთში წარმატებული სტარტის შემდეგ, გუნდს წინ ელოდება საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთისა და იტალიის ტექნიკურად რთული ტრასები, მიმდინარე სეზონი კი ბელგიის ფინალური რბოლით დაგვირგვინდება
ჩემპიონები საჭესთან: გამოცდილება და ახალი თაობა
გუნდის წარმატების საწინდარი მისი მრბოლელების პროფესიონალიზმია. Kolkhi GRT-ის სახელით PRO დივიზიონში ასპარეზობს ქართველი მრბოლელები, დავით ქაჯაია - ევროპის ხუთგზის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ვისი სახელიც საერთაშორისო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მის გვერდით OPEN დივიზიონში საკუთარ შესაძლებლობებს მარიამ დავითიძე ავლენს, მსგავი მასშტაბის ჩემპიონატზე მონაწილე პირველი ქართველი ქალი პილოტი, რომელმაც უკვე მოასწრო მსოფლიოს გაოცება - სადებიუტო რბოლაშივე, ესპანეთის რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე, საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. მარიამის კარიერა გამორჩეულია იმითაც, რომ ავტო-სლალომში საქართველოს სამგზის ჩემპიონია და, ამასთან, არაერთხელ გამხდარა ისეთი შეჯიბრებების გამარჯვებული, სადაც მრავალრიცხოვან კონკურენტებს შორის ერთადერთი ქალი მრბოლელი იყო.
BDO და Kolkhi GRT: პარტნიორობა საერთო ღირებულებებისთვის
BDO, როგორც გუნდის ოფიციალური პარტნიორი, პროექტში ხედავს იმ ღირებულებების თანხვედრას, რომლებიც ორგანიზაციისთვის ფუნდამენტურია. ინოვაცია, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული ხედვა სწორედ ის საერთო ნიშნებია, რაც BDO-სა და Kolkhi GRT-ს აერთიანებს. BDO საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ქართული ნიჭის საერთაშორისო აღიარებას და ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას გლობალურ ბიზნეს თუ სპორტულ სივრცეში. ეს პარტნიორობა ეფუძნება რწმენას, რომ სწორი სტრატეგიითა და გუნდური ერთიანობით ნებისმიერი მასშტაბის მწვერვალის დაპყრობაა შესაძლებელი.
2026 წლის სეზონის გამოწვევები და სტრატეგიული მიზნები
Kolkhi GRT-ის სადებიუტო სეზონი მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს, ეს გზა გუნდისთვის პროფესიული პროგრესისა და განვითარების ახალი ეტაპია, სადაც Kolkhi GRT, მის პარტნიორ BDO-სთან და სხვა მხარდამჭერთან ერთად, ასპარეზობის მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს. გუნდის თითოეული წევრი და პარტნიორი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინიციატივა საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან საერთაშორისო წარმატებებს და პერსპექტიულ მრბოლელებს გლობალურ ავტოსპორტში თვითრეალიზაციის საუკეთესო შესაძლებლობებს შეუქმნის.