• საკანონმდებლო მაცნე / ივნისი 2018 No.7
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / ივნისი 2018 No.7

05 ივნისი 2018

ცვლილებები ბრძანებებსა და კანონში

ავანსის დღგ-ით დაბეგვრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 მაისის №190 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ცვლილებით 481 მუხლს, რომელიც ეხება მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის წინასწარი გადახდის, ანუ ავანსების დღგ-ით დაბეგვრას, ბრძანებით დაემატა ახალი საილუსტრაციო მაგალითი (27-ე).

მაგალითი განმარტავს ავანსად გადახდილი თანხის დღგ-ით დაბეგვრის წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ავანსის მიმღების რეორგანიზაცია ხდება საქონლის სრულად მიწოდებამდე. მაგალითის თანახმად, რეორგანიზაციის შემთხვევაში, რადგან ხდება რეორგანიზაციის შედეგად მიღებული ერთეულების მიერ ვალდებულებების გადანაწილება, უნდა მოხდეს ასევე ავანსის დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულების განაწილებაც იმ საანგარიშო პერიოდის მიხედვით, რომელშიც მოხდა რეორგანიზაცია.

ცვლილება ძალაშია 2018 წლის 18 მაისიდან.

დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა

2018 წლის მაისის თვიდან საგადასახადო ორგანოს მიერ დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების გამოყენების განსხვავებული დებულებები ჩამოყალიბდა. სსკ-ის 202-ე მუხლს დაემატა 41 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით №996 ბრძანების XXIV1  თავს დაემატა 921 და  922 მუხლები, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული ცვლილების რეგულირების სფეროს. კერძოდ, იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება საბალანსო ღირებულებას. ასევე 922  მუხლში აღწერილია შემთხვევები, როდესაც დასაბეგრი ქონების ღირებულება არ განისაზღვრება საბაზრო ფასით:

  • დაუმთავრებელ მშენებლობაზე
  • ქონებაზე, რომელთან მიმართებაშიც გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათით
  • დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადაფასებულია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდულობით და გადაფასება სრულად მოიცავს შესამოწმებელ საგადასახადო პერიოდებს
  • დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში
  • კაპიტალში შენატან დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც შეტანამდე გადაფასებული იქნა წინა მესაკუთრის მიერ და ასეთი გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი.

ამ თავის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ საგადასახადო შემოწმების მიმართ, რომელზეც მისი ამოქმედების მომენტისათვის საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ არ არის მიღებული გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება.

საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის გამოყენების ყველა ზემოთ მოცემული დებულება ვრცელდება მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით.

ცვლილებები ძალაშია 2018 წლის 18 მაისიდან.