This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • საკანონმდებლო მაცნე / დეკემბერი 2020 No.8
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / დეკემბერი 2020 No.8

04 დეკემბერი 2020

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება |

ცვლილება ბრძანებაში

დღგ-ის დეკლარაციის წარუდგენლობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №273 ბრძანებით 2020 წლის 12 ნოემბერს ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. კერძოდ, ბრძანების 74-ე მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი. ცვლილებამდე არსებული რედაქციით შემდეგი რეგულაცია ვრცელდებოდა ყველა გადასახადის დეკლარაციაზე: თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ცვლილებით განისაზღვრა, რომ თუ დღგ-ის გადამხდელი, გარდა ფიზიკური პირისა, არ წარადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

ბრძანება ძალაშია 2020 წლის 14 ნოემბრიდან.

 

დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №274 ბრძანებით 2020 წლის 13 ნოემბერს ცვლილება შევიდა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში. კერძოდ, მე-7 მუხლს დაემატა 11  და 31 პუნქტები, რომელთა თანახმადაც გაანგარიშებაში 2020 წლის 16 ნოემბრის შემდეგ ასახული ზედმეტობა, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციით შესამცირებლად გაანგარიშებული თანხის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის  წარდგენის გარეშე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე.

გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოიწერება საგადახდო დავალება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სახაზინო სამსახურს, რომელიც ახორციელებს თანხის დაბრუნების შესაბამის ღონისძიებებს.

ბრძანება ძალაშია 2020 წლის 17 ნოემბრიდან.

 

აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №267 ბრძანებით 2020 წლის 4 ნოემბერს ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. კერძოდ 78-ე მუხლს დაემატა 72 პუნქტი, რომლის თანახმადაც აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ლუდის გადასაზიდი ჭურჭელი ან/და წარმოების ადგილზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ლუდის ის ჭურჭელი, საიდანაც ხორციელდება ჩამოსასხმელი ლუდის მხოლოდ საცალო მიწოდება.

სავალდებულო ნიშანდება უნდა მოხდეს შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკით, რომელიც შესაბამისი ჭურჭლის ყოველი შევსებისთანავე დაიტანება ამავე ჭურჭლის თვალსაჩინო ადგილზე.

ბრძანება ძალაშია 2020 წლის 12 ნოემბრიდან.