This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ESG: მდგრადობა 2022 წლის ფოკუსში (ENG)
სტატია:

ESG: მდგრადობა 2022 წლის ფოკუსში

13 აპრილი 2022

Original content provided by BDO USA

 

2021 წელი უპრეცენდენტო აღმოჩნდა ბევრი მიმართულებით, მათ შორის კი ერთერთი ყველაზე საყურადღებო ESG სფერო (გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის თემები) იყო. კომპანიები სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების პირისპირ აღმოჩნდნენ არამხოლოდ ინვესტორებისა და მარეგულირებლების, არამედ კლიენტების, თანამშრომლებისა და კრედიტორების მხრიდან, რომლებიც მოითხოვენ მეტ აღრიცხვიანობას და გამჭვირვალობას  ESG ფაქტორების ირგვლივ. 
 
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იმაში მდგომარეობს, შენარჩუნდება თუ არა ეს დიდი მუხტი. ESG მზარდი სფეროა, რომელიც განაგრძობს ინტეგრირებას როგორც ნორმატიულ, ისე კორპორატიულ კულტურასთან. სხვადასხვა სტეიკჰოლდერების ინტერესები, ანგარიშგებასთან  და რეგულაციებთან დაკავშირებული მოლოდინები იმდენად მიუახლოვდა ერთმანეთს, რომ აშაკარაა,  ESG ბიზნესის სტრატეგიაში თავის პოზიციას დაიმკვიდრებს.  წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას, რომელსაც უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება მომავალი თვეების განმავლობაში. 

1. კლიმატის ცვლილება გლობალურად კვლავ დომინანტურ პოზიციას შეინარჩუნებს 

2021 წელს გამოქვეყნდა კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ახალი ანგარიში. მასში ნათქვამია, რომ კაცობრიობა იმყოფება უმაღლესი რისკისა და საფრთხის წინაშე კლიმატის ცვლილების შედეგების თვალსაზრისით და კრიტიკულია   გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. მოწოდებას მოქმედებისკენ შეუერთდა COP26, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეების 26-ე შეხვედრა, რომელიც გლაზგოში ჩატარდა, ასევე ისტორიული ხელშეკრულება აშშ-სა და ჩინეთს შორის კლიმატის ცვლილებების თემაზე ერთობლივად მუშაობის შესახებ. 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა IPCC-ის ანგარიშის მეორე ნაწილი, რომელშიც უფრო დაწვრილებით არის მოცემული კლიმატის ცვლილების მეცნიერული ახსნა, მისი მძიმე და გარდაუვალი გავლენა საზოგადოებაზე. უსაფრთხოებისა და ცვლილების კომისიამ (SEC) ახლახანს გამოაქვეყნა შემოთავაზებული წესები, რომლითაც კლიმატთან დაკავშირებული ანგარიშის წარმოება აუცილებელია სავაჭრო კომპანიებისთვის, რასაც აშშ შესაბამისობაში მოჰყავს ევროკავშირთან, ასევე სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, კანადა, ბრაზილია და ინდოეთი. იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარი პროგნოზით, 2022 წელი იქნება ყველაზე ცხელი ისტორიაში და მოსალოდნელია ტყის ხანძრები, ტორნადო, ქარიშხლები და გვალვა, რომელიც იქნება გამორჩეული სიმძიმითა და სიხშირით, კლიმატი რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 

კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული გლობალური ძალისხმევის საპასუხოდ,  გაგრძელდება ფოკუსირება კომპანიების ვალდებულებებზე ნულოვან გამონაბოლქვთან მიმართებით. ისეთმა ინვესტორებმა, როგორიცაა Blackrock, აიღეს ვალდებულება ნულოვან გამონაბოლქვზე, ხოლო გლობალურმა ინსტიტუტებმა კიდევ უფრო გაუსვეს ხაზი ნულოვან გამონაბოლქვთან დაკავშირებული ამბიციების მნიშვნელობას. გლაზგოს ფინანსური ალიანსი ნულოვან გამონაბოლქვთან დაკავშირებით, რომლის ქვე სექტორის წევრიც არის BDO, გააერთიანა 450-ზე მეტი ფინანსურ ინსტიტუტი 45 ქვეყანაში 130 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო კაპიტალით, რათა ხელი შეუწყოს ფინანსური და კაპიტალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას ნულოვანი გამონაბოლქვთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. მსგავსი ალიანსები მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული მიზნებისკენ სვლასთან ერთად, 2022 წელს იზრუნებენ ნულოვანი გამონაბოლქვის პასუხისმგებლობის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და რეალური ნაბიჯების გადადგმაზე. 

2. რეპორტინგის სტანდარტები თანხვედრაში მოვა, თუმცა ანგარიშგების ნებაყოფლობითი წარდგენა ღირებულ შედეგებს მოიტანს

COP26-ზე ფინანსური რეპორტინგის საერთაშორისო სტანდარტების დამფუძნებელმა (IFRS) დააანონსა საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების ბორდის  (ISSB) შექმნა, რომელიც მოიცავს კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების სტანდარტების საბჭოსა და Value Reporting Foundation-ის (VRF) კონსოლიდაციას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ერთიანი გლობალური სტანდარტის შესამუშავებლად. ISSB სარგებლობს მსოფლიოს წამყვანი 40 ფინანსთა მინისტრის მხარდაჭერით, რათა მოხდეს შეთანხმებული და სტრუქტურიზებული ESG რეპორტინგის ჩარჩოს შემუშავება. გარდა ამისა, ევროპული კომისიის წინადადება კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის შესახებ (CSRD) ითვალისწინებს ფართო მოთხოვნების შემუშავებას საჯარო და კერძო კომპანიებისთვის მდგრადი განვითარების ანგარიშის მომზადების მიმართ. ამგვარი შეთანხმების მიუხედავად, ნებაყოფლობითი რეპორტინგი და ინფორმაციის წარდენა განაგრძობს დამატებითი სარგებლის მოტანას. ეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება კერძო კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც სულ უფრო მეტად იაზრებენ ESG რეპორტინგის გამოყენების მნიშვნელობას რეპუტაციისა და რისკების მართვის თვალსაზრისით და ნაკლებად ექვემდებარებიან გლობალურ ფინანსურ სტანდარტებს.
 

3.  ინვესტორებისთვის ESG ფაქტორები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით მრავალფეროვნების / ინკლუზიურობის და სოციალური სამართლიანობის კუთხით.

2021 წელს Schroder-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გლობალურად ინვესტორების 57% მიიჩნევს, რომ სოციალური თემები მათთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა პანდემიის დროს. აქცენტი სოციალურ საკითხებზე ეფუძნება სოციალური სამართლიანობის მოძრაობას, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წინა პლანზე მოქმედების აუცილებლობა აჩვენა. ეს ბიძგი მიიპყრობს დიდ ყურადღებას ისეთი საკითხებისადმი, როგორიც არის ანაზღაურების თანასწორობა, მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა, იძულებითი შრომა და ადამიანის უფლებები, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობა, გარემოს და სოციალური სამართლიანობა ბიზნესისთვის. ის უწინდებურად მოითხოვს, რომ კომპანიებმა დიდი ყურადღება მიაქციონ, თუ როგორ ეპყრობიან საკუთარ თანამშრომლებს, რა გავლენა აქვთ კლიენტებზე და აქვთ საზოგადოებაზე, რომელშიც საქმიანობენ. კომპანიებისთვის ასევე აუცილებელი იქნება მეტი გამჭვირვალობა მათი პროგრესის ირგვლივ ეფექტური რეპორტინგისა და ინფორმაციის ღიაობის გზით. 

 

4. საგადასახადო შესაბამისობა სამართლიანი დაბეგვრის საფუძველი გახდება

ვინაიდან აქტივისტი აქციონერების ყურადღება ეთიკური კორპორაციული ქცევის მიმართ მკაცრდება, ხოლო დირექტორთა საბჭოს ინტერესი ESG ფაქტორების მიმართ სულ უფრო მზარდია, მოსალოდნელია, რომ კომპანიები არამხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაიცავენ, არამედ რეალურად იზრუნებენ, რომ სამართლიანად გადაიხადონ კუთვნილი გადასახადები. კორპორატიული საგადასახადო დაბეგვრის გამჭვირვალობა ESG-ის ერთ-ერთ ცენტრალურ პრობლემად იქცა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ყურადღების ცენტრში, ხოლო სულ ახლახანს გლობალური მდგრადობის სტანდარტების კომიტეტის (GSSB) ახალი სტანდარტის საგნად იქცა. ეს არის განსაზღვრული მანდატი საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებისთვის. BDO-ს ანგარიშის 2022 Tax Outlook Survey Report თანახმად, რომლის ფარგლებშიც 150 საგადასახადო ხელმძღვანელი გამოიკითხა, 95%-მა განაცხადა, რომ მათმა დეპარტამენტმა განსაზღვრული როლი ითამაშა საგადასახადო გამჭვირვალობის რეპორტინგის პროგრამების შემუშავებაში. 53% მიიჩნევს, რომ მათ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ESG  პროგრამების სტრატეგიულ განხილვებში თავის ორგანიზაციებში და გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) უკვე ჩართულია ამ პროცესებში. კომპანიები, რომლებიც საკუთარ საგადასახადო სტრატეგიას ESG პრიზმაში განიხილავენ, იქნებიან უკეთეს პოზიციაში, რომ მიაღწიონ მაქსიმალურ წარმატებას და ამავდროულად შეამცირონ რეპუტაციული რისკი. 

 

5. აქცენტი გრინვოშინგზე (greenwashing) გაიზრდება

რადგან ESG რეპორტინგის ჩარჩო ფართქოვდება და ინფორმაციის გახსნილობა იმატებს, შესაბამისად გაიზრდება აქცენტი გამჭვირვალობასა და სიზუსტეზე. აშშ-სა და ევროპის მარეგულირებელ ორგანოებს სურვილი აქვთ, იზრუნონ, რომ ESG ანგარიშგება არ იქცეს მწვანე პიარად და მარკეტინგულ ბერკეტად და რომ რეპორტმა შექმნას ზუსტი და აქტუალური წარმოდგენა ESG-ის შესახებ. გრინვოშინგთან დაკავშირებული მღელვარება გაზრდის მოთხოვნას მესამე მხარის პროფესიონალურ სერვისებზე, რომელიც კომპანიებს დაეხმარება აწარმოონ სწორი ანგარიშგება. ასეთი დიდი ყურადღება გრინვოშინგის მიმართ იმთ აიხსნება, რომ კომპანიებისთვის კრიტიკული იქნება იმის დემონსტრირება, რომ მათ მიერ გაცხადებული მიდგომა ESG-ის მიმართ ნამდვილია და შესაბამისი ინვესტიციებიც რეალურად ხორციელდება. 

 

6. ცალკე ყურადღების საგანი გახდება ბიომრავალფეროვნება 

გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში 44 ტრილიონი აშშ დოლარი დაკავშირებულია ბუნებრივ სამყაროსთან. ბიომრავალფეროვნებასთან, მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვნებასთან და ეკოსისტემის სიჯანსაღესთან დაკავშირებული რისკი მნიშვნელოვან ეკონომიკურ საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკას. ეს საფრთხე წარმოადგენს რისკს, რომელიც მოსალოდნელია იყოს პრიორიტეტული ინვესტორებისთვის. ამ მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად შედგა ბუნებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ფინანსური ინფორმაციის წარდგენის მიზნობრივი ჯგუფი (TFND), რომელიც იმუშავებს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და ამ რისკების იდენტიფიცირების და აღმოფხვრისთვის საჭირო რეპორტინგისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების შეთავაზებაზე კომპანიებისთვის. შედეგად, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს გაიზრდება ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული რეპორტინგის, რისკების და მათთან გამკლავების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნები.