This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • 5 რჩევა, როგორ გავზარდოთ ფინანსური ფუნქციის პროდუქტიულობა კომპანიაში (ENG)
სტატია:

5 რჩევა, როგორ გავზარდოთ ფინანსური ფუნქციის პროდუქტიულობა კომპანიაში

18 მარტი 2021

Original content provided by BDO Australia

ფინანსური დირექტორებისთვის (CFOs) ფაქტიურად დაუსრულებელი საფიქრალია, როგორ გაზარდონ ფინანსური ფუნქციის როლი და ეფექტურობა კომპანიისთვის. თუ თქვენ CFO ხართ და გაქვთ შეგრძნება რომ დინებას ებრძვით, იცოდეთ რომ მარტო არ ხართ. 

რეგულატორების მზარდ მოთხოვნებს, ტექნოლოგიურ ცვლილებებს და კვალიფიციური კადრების მოძიებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს იქამდე მივყავართ, რომ ხშირად  სტეიკჰოლდერებისთვის სტრატეგიული ღირებულების შექმნა ფინანსურ აღმასრულებლებსა და გუნდებს შორის შეჯიბრს ემსგავსება, ვინ უფრო მნიშვნელოვან შედეგებს დადებს მათთვის.

ამ პირობებში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების და მეტიც, წარმატების მიღწევისთვის, CFO-ებმა ახლებურად უნდა გაიაზრონ და ოპტიმალურად მართონ თავისი ფინანსური და კორპორატიული ფუნქციები. ეს გულისხმობს ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებას და მათთან გამკლავებას, როგორიც ყველა ორგანიზაციაში იჩენს ხოლმე თავს - ახალბედა ანტრეპრენერებით დაწყებული, მსხვილი მულტინაციონალური კორპორაციებით დამთავრებული, სახელმწიფო სექტორის კომპანიების ჩათვლით. 

BDO-ს ფინანსური მენეჯმენტის საკონსულტაციო გუნდმა დაამუშავა და შეკრიბა 5 ყველაზე ოპტიმალური სვლა ფინანსური და კორპორატიული დეპარტამენტებისთვის, რაც მათ დაეხმარება თავიანთი როლის და ფუნქციის ეფექტურ რეალიზებასა და პროდუქტიულობის ზრდაში. 

 

1. უფრო ეფექტური დელეგირება

შეკარით მაღალეფექტური გუნდი და მაქსიმალურად გამოიყენეთ ტექნოლოგიები

ლონდონის ბიზნესსკოლის ანგარიშის თანახმად, მენეჯერების მხოლოდ 30% მიიჩნევს, რომ მას უფლებამოსილების ეფექტურად დელეგირება შეუძლია. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ეჭვი ეპარებათ, რამდენად ღირს თავიანთი დროის დიდი ნაწილის სტრატეგიულ ამოცანებზე დახარჯვა, არამედ ის, რომ დელეგირებადი ამოცანების გარკვეული ნაწილის შესრულებას  გუნდის წევრებს ვერ ანდობენ, არ სჯერათ მათი შესაძლებლობების.

ძალიან კარგი გუნდიც რომ გყავდეთ, ეფექტური დელეგირება შეუძლებელია თქვენი ჩართულობის გარეშე, ანუ დროის გამოყოფას ამაზე მაინც ვერ ასცდებით.

დელეგირება გაცილებით მარტივია, როცა კომპანია გუნდს აკომპლექტებს იმ გამოცდილებისა და უნარების მქონე ხალხით, რომელიც სამუშაოს კარგად შესრულებას სჭირდება, თუმცა ყველა მენეჯერს არ ჰყავს ასეთი გუნდი. 

გუნდის განვითარებაზე გაწეულ ძალისხმევას გაცილებით მეტი დივიდენდი მოაქვს, ვიდრე დელეგირების ეფექტურობაზე მუშაობას, თანაც გუნდის შიგნით ორმხრივ ნდობას ზრდის.

 

2. პროაქტიულობა და წინდახედულობა ფინანსური მონაცემების გამოყენების დროს 

დაეყრდენით მონაცემებს რეალურ დროში

ახლო მომავალში, ფინანსური ფუნქციისთვის უკვე პრიორიტეტული აღარ იქნება გასული კვარტალური ან წლიური ფინანსური ანგარიშგებების თვალიერება. რეალურ დროში კავშირის ინსტრუმენტების და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი ორგანიზაციის თითქმის ყველა მიმართულებით როგორც პროცესში, ასევე მათი მოხდენისთანავე.

მონაცემები რეალურ დროში სრულ წარმოდგენას ქმნის კომპანიის თანამშრომლობის შესახებ მომწოდებლებსა და კლიენტებთან და ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

 

3. მონაცემთა ანალიტიკისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიის გამოყენება

სტატუს კვოს შენარჩუნებით წინ ვერ წახვალთ. ცვლილებებს არ შეუშინდეთ, გამოიყენეთ თქვენ სასარგებლოდ!

ბევრი კომპანია მუდმივად ეყრდნობა მოძველებულ საბუღალტრო და ფინანსურ სისტემებსა და პროცესებს. ახალი ინსტრუმენტების დანერგვისთვის საჭირო დროის და ენერგიის ინვესტირების გადადება ან უგულვებელყოფა შეიძლება მნიშვნელოვან წინაღობად იქცეს, მაგრამ რას ნიშნავს ეს კომპანიის კონკურენტუნარიანობისთვის? დარწმუნებული ხართ, რომ ძველი სისტემების ნგრევის ეპოქაში ერთ ადგილზე გაჩერების ფუფუნება გაქვთ?

ახალ სისტემებში ინვესტირება და მათი შესწავლა გავლენას ახდენს კომპანიის ეფექტურობაზე, მოაქვს დივიდენდები ოპერაციების ოპტიმიზაციისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. 

დიახ, ცვლილებების განხორციელება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მათზე უარის თქმა გრძლევადიან პერსპექტივაში გაცილებით უფრო მეტად გვაზარალებს. 

 

4. არსებული შესაძლებლობების მაქსიმიზაცია 

ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების მთელი ფუნქციონალი

ფინანსისტებს დღეს ხშირად მიუწვდებათ ხელი ინსტრუმენტებზე, რომელთაც ფინანსური პროცესების ოპტიმიზაცია ან ავტომატიზება შეუძლია. მსგავსი საშუალებები შესაძლოა უკვე იყოს კომპანიის ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ნაწილი, თუმცა ხშირად ვხვდებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც გულახდილად ამბობენ, რომ მათ არ აქვთ დრო ან რესურსები ყველა ხელმისაწვდომი ფუნქციონალის შესასწავლად. პროგრამული პროდუქტების ვენდორები მუდმივად ამრავალფეროვნებენ ფუნქციონალს, უზრუნველყოფენ ინტეგრაციასა და plugin-ებს, რომლებიც პროცესების მეტ ავტომატიზებასა და მექანიკური სამუშაოების შემცირებას განაპირობებენ. თუმცა როგორ უნდა შეძლონ კომპანიის ლიდერებმა მუდმივად ინფორმირებული იყვნენ უახლესი ტრენდების და განახლებების შესახებ? 

როგორც CFO-ს, სექტორისა და ფინანსური/სააღრიცხვო პლატფორმების მცოდნე გუნდზე დაყრდნობა დაგეხმარებათ არსებული ინსტრუმენტების სრული შესაძლებლობების გამოყენებაში და ახალი კომპეტენციების დაგროვებაში. 

 

5. სისტემებისა და პროცესების გამოყენების სათანადო დოკუმენტირება

ტესტირება, ტესტირება და უფრო მეტი ტესტირება ფინანსური ფუნქციის პროდუქტიულობის და ეფექტურობის მისაღწევად

ერთი ძველი გამოთქმა არსებობს, "თუ ვერ გაზომავ, ვერც გააუმჯობესებო". ამიტომ ფინანსური და საბუღალტრო პროცესების დოკუმენტირების გარეშე აკუმულირებულ ცოდნას უბრალოდ დაკარგავთ - გარკვეული ადამიანები ინფორმაციას ფლობდნენ, დოკუმენტირება არ მოხდა და მათ დატოვეს კომპანია - მონაცემების და ინფორმაციის მხრივ აუცილებლად ჩავარდნას მიიღებთ. დაუთმეთ დრო პროცესების დეტალების შესახებ ინფორმაციის შენახვას, ეს საშუალებას მოგცემთ ყოველთვის იცოდეთ რა პრობლემები დგება და შეძლებთ სამუშაო პროცესების ეფექტურობაზე მუშაობას ავტომატიზაციებისა და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით. 

ლიდერები უნდა აცნობიერებდნენ, რომ პროცესები ცვალებადი და დინამიურია. ახალი, საინტერესო, მოქნილი გზების ძიება, კომპეტენტურ გუნდზე დაყრდნობა იდეებისა და ინოვაციებისთვის აუცილებლად მოიტანს დივიდენდს პერსპექტივაში. 

ენდეთ თქვენს ბიზნეს კონსულტანტებს, მუდმივად ჩაგაყენონ საქმის კურსში ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია. ესაუბრეთ, იმსჯელეთ და დარწმუნდით, რომ ეს სიახლეები შეიძლება დაინერგოს თქვენს ბიზნესში. 

ჩვენი ფინანსური მენეჯმენტის კონსალტინგის გუნდი ეხმარება ფინანსურ ფუნქციებს ორგანიზაციებში, აღმოაჩინონ და გამოიყენონ უკეთესი შესაძლებლობები ადამიანური რესურსების, პროცესებისა და სისტემების თვალსაზრისით. ჩვენ გთავაზობთ თქვენი კომპანიის ზომის, მასშტაბისა და ამბიციის ადეკვატურ გადაწყვეტებს. 

თუ ეძებთ გუნდს, რომ დაგეხმაროთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ინსტრუმენტების იდენტიფიცირებაში თქვენი სააღრიცხვო და ფინანსური ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის, ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ მეტი, მაშინ დაგვიკავშირდით.

 

შეიყვანეთ დამცავი კოდი
 Security code