This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
პუბლიკაცია:

ERP სისტემის როლი თანამედროვე ბიზნესში - Nova-სა და BDO-ს პარტნიორობა

28 თებერვალი 2020

კომპანია Nova, BDO-სთან პარტნიორობით, ERP სისტემა 1C ERP-ის ნერგავს. კომპანია, რომელმაც საქმიანობა 2006 წელს სამშენებლო მასალების იმპორტით-რეალიზაციით დაიწყო, დღეს უკვე თავად აწარმოებს იგივე მასალებს და ბაზარის ლიდერის პოზიციაც უკავია. წლების განმავლობაში მიღწეულმა სწრაფმა ზრდამ და საქმიანობის გაფართოებამ, ბიზნეს პროცესების უფრო მაღალი დონის ავტომატიზაციის საჭიროება ნათლად გამოაჩინა.

სწრაფი ზრდა როგორც გამოწვევა

„კომპანია ბოლო წლებში იმდენად გაიზარდა, რომ სამომავლო განვითარებისთვის გვჭირდებოდა უფრო მაღალი დონის ავტომატიზაცია და კომპლექსური რეპორტები. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სისტემა ჩვენ კომპანიაში უკვე არსებობდა, მაინც იყო ისეთი პროცესები, რომლებიც მის მიღმა რჩებოდა და გვიწევდა მათი დამატებითი დამუშავება. ეს ძალიან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა, ასევე არ გვქონდა იმ დონის ანალიტიკა, რაც კომპანიას ჭირდებოდა“, - ამბობს „ნოვას“ დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი.

გამოსავალი - პროცესების ავტომატიზაცია

„ფიქრი დავიწყეთ ახალი ERP სისტემის დანერგვაზე. ვიცოდით, რომ პროგრამის დანერგვა საკმაოდ კომპლექსური და შრომატევადი პროცესია, რომელიც თითქმის ყველა კომპანიაში სპეციფიკურად მიმდინარეობს. BDO-ს გუნდმა დეტალურად შეისწავლა ჩვენი ბიზნეს პროცესები, გაიგეს თუ რა კონკრეტული გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე იდგა ჩვენი კომპანია და ამის შემდეგ, შემოგვთავაზეს 1C ERP“, - ამბობს ედიშერ ხიმშიაშვილი.

შედეგები - მოქნილი წარმოება

„ნოვასთვის“ წარმოება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რეალიზებული საქონელიდან 60% სწორედ „ნოვას“ მიერვე წარმოებულ პროდუქციაზე მოდის.

1C ERP-ის საშუალებით კომპანიამ ზუსტად იცის რა პროდუქცია, რამდენი და როდის უნდა აწარმოოს. სისტემის საშუალებით შესაძლოა ერთი მასალის გამოყენებით ერთბაშად რამდენიმე პროდუქტის დამზადება თუ ეს კონფლიქტში არ შედის სხვა პროდუქტის წარმოების ვადებთან, რაც ყველაზე ოპტიმალური წარმოების საშუალებას იძლევა.

გაუმჯობესებული ურთიერთობები მომხმარებელთან

1C ERP-ის საშუალებითა და BDO-სთან პარტნიორობით „ნოვაში“ იცვლება გაყიდვების პროცესიც. მალე კომპანიის თანამშრომლები დაიწყებენ მობილური მოწყობილობების (პოკეტების) გამოყენებას, რაც გაამარტივებს ურთიერთობას მომხმარებელთან. თანამშრომელი გაცილებით უფრო სწრაფად მოემსახურება თითოეულ მომხმარებელს.

პროგრამით მოხდება დებიტორული დავალიანებების ლიმიტებისა და ვადების კონტროლი, რაც „ნოვას“ ქეშის ოპტიმიზაციის საშუალებას მისცემს. 

კმაყოფილი და მოტივირებული თანამშრომლები

„ნოვასთვის“ მნიშვნელოვანია თანამშრომლების კმაყოფილებისა და მოტივაციის ამაღლება, შესაბამისად, კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა. აქამდე ბონუსების დათვლა ხდებოდა ცალ-ცალკე, მიმართულებების (წარმოება, გაყიდვები, დისტრიბუცია) მიხედვით, სხვადასხვა „ექსელის“ ფაილში. ახლა კი ამ ყველაფერს კომპანია 1C ERP-ში გააკეთებს -  აღარ იქნება საჭირო მრავალი „ექსელის“ ფაილის წარმოება და პროცესიც გახდება უფრო გამჭვირვალე. ასევე, მენეჯმენტი გაცილებით უფრო სწრაფად და მაქსიმალური დეტალიზაციით მიღებს რეპორტებს.

სწრაფი და უშეცდომო ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით ისეთი მსხვილი კომპანიისთვის, როგორიც „ნოვაა“. 1C ERP და მასთან ინტეგრირებული მობილური მოწყობილობები ინვენტარიზაციას მაქსიმალურად ამარტივებს და კომპანიას აღარ მოუწევს ამ პროცესის წარმოება ათასობით ფურცელზე.

ERP სისტემის დანერგვა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომელშიც როგორც პროვაიდერი, ასევე მომხმარებელი კომპანია თანაბრადაა ჩართული. NOVA, BDO-სთან პარტნიორობით, წარმატებით აგრძელებს 1C ERP-ის დანერგვას, რომლის საბოლოო მიზანია ბიზნეს პროცესების მაღალი დონის ავტომატიზაცია და მენეჯერული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო ანალიტიკის მიღება.