BDOwomenagainstcancer ბიდიოს ქალი თანამშრომლების კამპანია კიბოს წინააღმდეგ

07 მარტი 2019

#BDOwomenagainstcancer - ასე ჰქვია ბიდიოს ქალი თანამშრომლების მიერ ინიცირებულ სოციალურ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ბრძოლას კიბოს წინააღმდეგ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ დახმარებით, 20-დან 40 წლამდე ქალბატონებს საშუალება ეძლევათ 8-დან 24 მარტამდე დაუკავშირდნენ „ევექსის“კლინიკის ცხელ ხაზს, ჩაეწერონ სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევაზე მათთვის სასურველ დროს და სრულიად უფასოდ მიიღონ აღნიშნული მომსახურება.

„ყოველწლიურად, ბიდიოს თანამშრომელი ქალები სიმბოლურ საჩუქრებს ვიღებდით, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით. წელს გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენი ძალები და თითოეული ჩვენგანის ჩართულობით განგვეხორციელებინა კამპანია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ეს არის დაავადება, რომელიც ყველაზე ადვილად ექვემდებარება მკურნალობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მისი აღმოჩენა ადრეულ სტადიაში მოხდა. ჩვენ, ბიდიოს თანამშრომელი ქალები, კამპანიის #BDOwomenagainstcancer ფარგლებში ვცდილობთ ქალბატონებს დავეხმაროთ გადალახონ შიში და დროულად ჩაიტარონ შესაბამისი ექოსკოპიური გამოკვლევა. იმის გამო, რომ ეს დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა და არსებობს ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 40-დან 70 წლამდე მოქალაქეების უფასო გამოკვლევებს ითვალისწინებს, ჩვენი კამპანიის ფარგლებში, შესაბამისი უფასო სერვისის მიღება 20-დან 40 წლამდე ქალებს შეუძლიათ“, აცხადებს ბიდიოს HR მენეჯერი თამარა ციცქიშვილი.

ბიდიოს შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა: 255 05 05 ან *0505

კამპანიის #BDOwomenagainstcancer ეგიდით სხვადასხვა აქტივობა მომავალშიც დაიგეგმება.