BDO-ს Data ანალიტიკის მიმართულება ახალმა ხელმძღვანელმა, ირინა კვახაძემ ჩაიბარა

15 მაისი 2019

ბიდიოში მნიშვნელოვანი სიახლეა, კომპანიის გუნდს Data ანალიტიკის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე ირინა კვახაძე შემოუერთდა. ეს მიმართულება ბიდიოში ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების დივერსიფიკაციის მხოლოდ ნაწილია და დიდწილად შეუწყობს ხელს ახალი და ინოვაციური სერვისების განვითარებას.   

დღეს ტექნოლოგიები ყოველწამიერად, ჩვენს თვალწინ ცვლის ბიზნესის ლანდშაფტს, ეს გამოწვევაცაა და უდიდესი შესაძლებლობაც. ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა კომპანიისგან ციფრულ ტრანსფორმაციას მოითხოვს, ეს კი კომპლექსური პროცესია, რაშიც  კომპანიის სისტემები, პროცესები, ადამიანები, ტექნოლოგიებია ჩართული. მის ჯეროვნად განხორციელებას კომპანიებისთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს: ორგანიზაციის რესურსები ახალი რეალობის შესაბამისად ნაწილდება, გადაწყვეტილებები რეალური მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიიღება, კომპანიის ხარჯების ეფექტურობა იზრდება, მომხმარებელთან და ყველა მნიშვნელოვან სტეიკჰოლდერთან ურთიერთობა უმჯობესდება. ბიდიოში კარგად გვესმის ტექნოლოგიური ცვლილებების აუცილებლობა და მის შედეგად შექმნილ შესაძლებლობებსაც ნათლად ვხედავთ.  სწორედ ამიტომ ვნერგავთ სერვისებს, რაც ჩვენს კლიენტებს ამ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემს.

ირინა კვახაძე 8 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. დღემდე არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო მრჩეველთა საბჭოს წევრი. ირინამ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესსკოლაში,  HEC Paris-ში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი - ESM თბილისში.  გარდა ამისა, ირინა Leadership Academy for Development-ის კურსდამთავრებულია. აკადემია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა და სტენფორდის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრმა დააფუძნეს საქართველოში 2016 წელს.

ირინას მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზში, ადვოკატირებაში,  მენეჯმენტკონსალტინგსა და საბანკო სფეროებში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კომპანიებში ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების კონსულტანტად. საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგია, საქართველოს რეგიონებში განვითარების პოტენციალის მქონე დარგების კვლევა, საქართველოს ბიზნესგარემოს კვლევა, საბანკო ფილიალების ოპტიმიზაცია, საინვესტიციო წინადადებების მომზადება უძრავი ქონების განვითარებისთვის - ირინა მიერ განხორციელებული პროექტების მცირე ჩამონათვალია. გარდა ამისა, ირინას გამოცემული აქვს რამდენიმე სტატია /კვლევითი ნაშრომი, ეკონომიკურ განვითარებასა და გენდერული თანასწორობის თემებზე.

ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი: „მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა კიდევ ერთი უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი. ინოვაციების განვითარება და მონაცემების მაქსიმალურად გამოყენება ბიზნეს პროცესების ეფექტურობის, გაყიდვების სტიმულირებისა და შემოსავლების ზრდის წინაპირობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, რომ ირინასთან ერთად ჩვენ შევძლებთ ახალი სიტყვა ვთქვათ საქართველოში მონაცემებზე ანალიტიკის მიმართულებით“.

ბიზნესის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ეტაპია ორგანიზაციის კორპორატიული და კონკურენტული სტრატეგიის შემუშავება მონაცემთა მოგროვების, დამუშავების და ანალიზის საფუძველზე. ბიდიოს ანალიტიკური მიმართულების მიზანია, ჩვენს კლიენტებს შევუქმნათ მონაცემების საუკეთესოდ გამოყენების ყველა პირობა - დავეხმაროთ მათ მონაცემების მართვის სისტემების დანერგვაში, დამუშავებასა და ინტერპრეტაციაში, მეტამონაცემების ანალიზის საფუძველზე ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულების განვითარების ტრენდების, შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი კავშირების, გადახრების და შესაძლებლობების აღმოჩენაში. ბიდიოს გუნდში ახალი წევრის შემოერთებაც ამ მიზანს ემსახურება.

„კიდევ ერთხელ გამიმართლა პროფესიულ გზაზე და ბიდიო საქართველოს გუნდის წევრი გავხდი, თანაც მომავლის დარგში - მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებაში. ეს არის ძალიან საინტერესო  გამოწვევა, რომელსაც სიხარულით და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობით ვიღებ“, ამბობს ირინა კვახაძე.