ბიზნეს აქსელერატორის ბენეფიციარებს ბიდიო ბიზნეს გეგმის მომზადებაში დაეხმარება

21 მარტი 2019

ბიდიოს, თბილისის მერიისა და ბიზნეს აქსელერატორის - სპარკის წარმომადგენლები პროექტის ბენეფიციარებს შეხვდნენ და ბიზნეს აქსელერატორის სერვისების მთავარი კომპონენტის - ბიზნეს გეგმების დაწერის ამოქმედების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.  

„3 წლის განმავლობაში, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ჩვენ მიერ შერჩეული და დამუშავებული ბიზნეს იდეების ბიზნეს გეგმებად გადაქცევა. აქსელერატორის დახმარებით, ბენეფიციარები, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, ბიზნეს იდეებს ისე დაამუშავებენ, რომ მისცენ  პროექტის სახე, ხოლო ჩვენ იდეებს ისეთ ბიზნეს გეგმად გარდავქმნით, რომელიც მისაღები იქნება  ინვესტორებისა და პოტენციური დამფინანსებლებისთვის“, აცხადებს ბიდიოს პარტნიორი და კორპორაციული ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხაჩიძე.  

ხელშეკრულება ბიდიოსა და ბიზნეს აქსელერატორის თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში, ტენდერში გამარჯვების შემდეგ გაფორმდა. შედეგად, ყოველთვიურად, ბიდიო 5 სიცოცხლისუნარიან ბიზნეს იდეაზე ბიზნეს გეგმას დაწერს.

“პროფესიული ბიზნეს გეგმის წერის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მოთხოვნების სრული დაცვით, ჩვენ ჩავატარეთ ტენდერი ამ მომსახურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ ისეთმა კომპანიამ გაიმარჯვა, როგორიც არის ბიდიო, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე“, განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი 2019 წლის 30 იანვარს გაიხსნა და ამ დროისთვის ბიზნეს იდეის ან მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე 300-მდე პირს აერთიანებს. პროექტის მიზანია უფასო საერთო სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა, ექსპერტ-მენტორების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესისთვის შესაძლებლობების ზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება.