ბიზნესაქსელერატორის ბენეფიციარებს ბიდიო ბიზნესგეგმის მომზადებაში დაეხმარება

21 მარტი 2019

ბიდიოს, თბილისის მერიისა და ბიზნესაქსელერატორის - სპარკის წარმომადგენლები პროექტის ბენეფიციარებს შეხვდნენ და ბიზნესაქსელერატორის სერვისების მთავარი კომპონენტის - ბიზნესგეგმების დაწერის ამოქმედების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.  

„3 წლის განმავლობაში, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ჩვენ მიერ შერჩეული და დამუშავებული ბიზნესიდეების ბიზნესგეგმებად გადაქცევა. აქსელერატორის დახმარებით, ბენეფიციარები, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, ბიზნესიდეებს ისე დაამუშავებენ, რომ მისცენ  პროექტის სახე, ხოლო ჩვენ იდეებს ისეთ ბიზნესგეგმად გარდავქმნით, რომელიც მისაღები იქნება ინვესტორებისა და პოტენციური დამფინანსებლებისთვის“, აცხადებს ბიდიოს პარტნიორი და კორპორაციული ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხაჩიძე.  

ხელშეკრულება ბიდიოსა და ბიზნესაქსელერატორის თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში, ტენდერში გამარჯვების შემდეგ გაფორმდა. შედეგად, ყოველთვიურად, ბიდიო 5 სიცოცხლისუნარიან ბიზნესიდეაზე ბიზნეს გეგმას დაწერს.

“პროფესიული ბიზნესგეგმის წერის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მოთხოვნების სრული დაცვით, ჩვენ ჩავატარეთ ტენდერი ამ მომსახურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ ისეთმა კომპანიამ გაიმარჯვა, როგორიც არის ბიდიო, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე“, განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის ბიზნესაქსელერატორი სპარკი 2019 წლის 30 იანვარს გაიხსნა და ამ დროისთვის ბიზნესიდეის ან მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე 300-მდე პირს აერთიანებს. პროექტის მიზანია უფასო საერთო სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა, ექსპერტ-მენტორების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესისთვის შესაძლებლობების ზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელება.