This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

ბიდიო ხევსური ბავშვების მხარდასაჭერად

19 დეკემბერი 2019

ბიდიოს საახალწლო ბაზრობა, კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, გასულ შაბათს ჩატარდა. ბიდიო უკვე მე-2 წელია "მთის ამბებთან" ერთად, ახორციელებს არაფორმალური განათლების ცენტრის მოწყობის პროექტს ბარისახოში. საახალწლო ბაზრობა ამ პროექტის ერთგვარი გაგრძელება იყო, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტისთვის დამატებითი თანხების მობილიზებას. ბაზრობის ფარგლებში, 3523 ლარი შეგროვდა, რომელიც მთლიანად ცენტრს მოხმარდება.

საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო როგორც ბიდიოს თანამშრომლების, ასევე ჩვენი მეგობრების ნამუშევრები. გულითადი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც გაიზიარა პასუხისმგებლობა, საგანგებოდ მოემზადა, ჩაერთო პროექტში და მთელი დღის მანძილზე ზრუნავდა განსაკუთრებული განწყობის შენარჩუნებაზე.

ჩვენი უდიდესი მადლობა სასტუმროს MOXY Tbilisi, რომელმაც საახალწლო ბაზრობისთვის სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო სასტუმროს სივრცე და გამოგვიყო გულისხმიერი პერსონალი დასახმარებლად. ბიდიოს საახალწლო ბაზრობას ესწრებოდნენ ბარისახოს სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც არაფორმალური განათლების ცენტრის მთავარი ბენეფიციარები არიან. გვიხარია, რომ მათთვის ცოტა განსხვავებული გარემო შევქმენით, გავაცანით კეთილი ადამიანები და ემოციებით დატვირთული დავაბრუნეთ შინ.

არაფორმალური განათლების ცენტრი ბარისახოს თემში (მოიცავს პირაქეთა ხევსურეთის 35 სოფელს) მცხოვრები მოზარდებისთვის არსებული რეალობის შეცვლას, უკეთესი განათლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნასა და იმ რესურსებთან ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს, რაც თანამედროვე მოზარდების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„მოზარდებზე, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მხარდაჭერა ბიდიოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. არაფორმალური განათლების ცენტრი ბარისახოში არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო პირობების შექმნას ადგილობრივი მოზარდების განათლებისა და განვითარებისთვის. პროექტი ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთის მხარდაჭერის თვალსაზრისით, რადგან ხევსურეთის საცხოვრებელი პირობებისა და მკაცრი კლიმატის გათვალისწინებით, მთა იცლება. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევის პროცესში, ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია“,  აცხადებს ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

ბიდიოში გვჯერა, რომ ცხოვრება იმისთვის ღირს, რომ ადამიანები ერთმანეთს დავეხმაროთ მიზნების და სურვილების ასრულებაში. იმედი გვაქვს, უკვე ჩვენი მეგობარი ხევსური ბავშვები სხვანაირად შეხედავენ თავიანთ თავს, შესაძლებლობებს, რომელიც მათთვის არსებობს, ადამიანურ ურთიერთობებს და დაისახავენ საინტერესო, ნამდვილ მიზნებს ცხოვრებაში. ჩვენ კი გაგვიხარდება, თუ თავის მხრივ სურვილი გაუჩნდებათ, რომ თვითონაც დაეხმარონ და მხარში ამოუდგნენ სხვებს. საბოლოო ჯამში ხომ ესაა, რაც დედამიწას ატრიალებს.