ბიდიო: პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შედეგების ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაცია

19 თებერვალი 2019

დღეს, სასტუმრო Holiday Inn-ში, ბიდიომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის მიზანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების ეფექტიანობის შეფასება.

პრეზენტაციის ფარგლებში ბიდიოს პარტნიორმა და კორპორაციული ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელმა მაია ხაჩიძემ დეტალურად ისაუბრა კვლევისა და მიღებული შედეგების შესახებ.

კვლევაში მონაწილეობა 85-მა ბენეფიციარმა მიიღო, რომელთაგან 30 სტარტაპია, ხოლო 55 არსებული ბიზნესის გაფართოება. კვლევის შედეგები ეფუძნება სწორედ ამ ბენეფიციარებისგან მიღებულ ინფორმაციას, ბიდიოს ანალიზსა და რელევანტური ბაზრების ზოგად მიმოხილვას.

კვლევის შედეგად შემდეგი ინდიკატორები გამოიკვეთა:

  • 2014-2018 წლებში ბენეფიციარების მიერ შეიქმნა 164 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მშპ, საიდანაც 54% შექმნილია არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46% - სტარტაპების მიერ. ამასთან, მშპ-ის დაახლოებით, 79% თბილისში წარმოდგენილ ბენეფიციარებს ეკუთვნის, რაც იმით აიხსნება, რომ გამოკითხული კომპანიების 60% სწორედ დედაქალაქში მდებარეობს.
  • ბენეფიციარების მიერ მიღებული შემოსავლები - კვლევაში მონაწილე 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2014-2018 წლებში 390 მლნ ლარია.
  • გამოკითხული ბენეფიციარების მიერ გასული 4 წლის განმავლობაში მიღებული სესხების, სხვა სესხების და კაპიტალში შენატანების წილი შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებაში, დაახლოებით, 0.38%-ს შეადგენს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია.
  • პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობის წმინდა ზრდამ 3.033 შეადგინა. ბენეფიციარების მიერ თანამშრომლებისთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა საშემოსავლო გადასახადის გარეშე 25.6 მლნ ლარი შეადგინა.
  • პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები აჭარბებს 42.5 მლნ ლარს 2014-2017 წლის პერიოდისთვის და შეადგენს ქვეყნის მასშტაბით, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13%-ს.
  • ექსპორტი - კვლევის შედეგების თანახმად, ასევე, დაფიქსირებულია წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდა. მიმდინარე მდგომარეობით, 85 კომპანიიდან 28 ექსპორტიორია.  2014-2018 წლებში აღნიშნული ბენეფიციარების საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 309 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
  • კონკურენტუნარიანობა - პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარებმა გააუმჯობესეს წარმოების მასშტაბები, ხარისხი, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტს.

პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის, თბილისის მერიის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.