• საკანონმდებლო მაცნე / 2019 No.2
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / 2019 No.2

19 ივნისი 2019

ცვლილება კანონში

აქციზი 

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 29 მაისს N4616-IIს კანონის მიხედვით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც შეიცვალა აქციზის განაკვეთების გაანგარიშება 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მარჯვენასაჭიანი მსუბუქი ავტომობილებისთვის. ცვლილებამდე არსებული რედაქციით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი მცირდებოდა. ცვლილებით კი შეღავათით ისარგებლებს მხოლოდ მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომანქანები, მარჯვენასაჭიანებისთვის აქციზის განაკვეთის შემცირება აღარ მოხდება.

აგრეთვე, აქციზისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული აღარ არის სესესნ 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მარჯვენასაჭიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები.

კანონი ძალაშია 2019 წლის 1 ივნისიდან.

 

ცვლილება ბრძანებაში

დიპლომატებისთვის მიწოდების დღგ-ისგან განთავისუფლება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 აპრილის N121 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში. ცვლილება შეეხო უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას დღგ-ისგან გათავისუფლების საკითხს.

ცვლილებამდე არსებული რედაქციით 100 ლარზე ზემოთ შესყიდვისას აუცილებელი იყო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ცვლილების შედეგად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სავალდებულო აღარ არის, თუ აღნიშნულს არ მოითხოვს თავად დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი.

ცვლილება ძალაშია 2019 წლის 1 მაისიდან.

ცვლილება გადასახადის დარიცხვის მუხლში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 22 მაისის N149 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად შექმნილ სსიპ-ებს, აგრეთვე სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებს ჩამოეწერებათ პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტობა, რომელზეც გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

ცვლილება ძალაშია 2019 წლის 23 მაისიდან.

ცვლილება იმპორტის გადასახდელების გადახდის წესში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N162 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში. ცვლილების მიხედვით იმპორტის გადასახდელების გადახდის 5 დღიანი ვადა უკვე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად 30 დღიანი ვადისა), აგრეთვე წინასწარ დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად 15 დღიანი ვადისა).

ამასთან, „ოქროს სიის“ მონაწილისთვის ხორბალზე კვლავ იმოქმედებს 45 დღიანი ვადა და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისთვის 30 დღიანი ვადა.

აქციზური საქონლის მიმართ ბრძანება ძალაში შევა 2019 წლის 13 ივნისიდან. სხვა დანარჩენი საქონლისთვის 2019 წლის 3 ივლისიდან.