ბლოგი:

რატომ არ შეუძლია ჯერჯერობით ბლოკჩეინს ინტერნეტრეკლამის ყველაზე დიდი პრობლემების გადაწყვეტა

22 ივლისი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ნახეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე.

დაელაპარაკეთ ინტერნეტ სარეკლამო კომპანიების აღმასრულებლებს, შემოქმედებითი ან ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლებს მათი სფეროს მომავლის შესახებ და საუბარი უსათუოდ შეეხება ბლოკჩეინს. ზოგიერთები მას მხსნელად მოიაზრებენ, რომელსაც შეუძლია სფეროს მსხვილი პრობლემების გადაწყვეტა თანაც ისე, რომ დრამატულად შეცვლის არსებულ ბიზნესმოდელს. სხვებისთვის კი ბლოკჩეინი საწერ კალამში ერთჯერადი ეფექტისთვის ჩასმული ფანარივითაა, ზუსტად რომ იცი დიდად არაფერში გამოგადგება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება საბოლოოდ ჩავარდნისთვის განწირული განვითარების პროექტებსა და ნახევრად მზა გადაწყვეტილებებზე გაწეულ ხარჯებს.

რამდენიმე წლის შემდეგ, შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ბლოკჩეინის როლი რეკლამაში მნიშნვნელოვანი გახდეს და ჩვენ ამაში წვლილი შევიტანოთ, თუკი რასაკვირველია მანამდე ამ სფეროში რამდენიმე გადაულახავი პრობლემა მოგვარდება.

დიდი გამოწვევები ინტერნეტრეკლამის ინდუსტრიაში

ინტერნეტრეკლამის შემოქმედებისა და სარეკლამო სააგენტოების წინაშე მდგარი სირთულეების სია საკმაოდ გრძელია. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე მათგანი: 

  • Google-ი, Amazon-ი და Facebook-ი მოიცავენ ინტერნეტრეკლამის ბაზარს და იყოფენ ამერიკის ციფრული რეკლამის შემოსავლის თითქმის 70%-ს. ასევე ბევრი სხვა ბაზარი განიცდის ამ "დიდი სამეულის" ლიდერობას. ეს უმსხვილესი პლატფორმები გვკარნახობენ, თუ როგორ შეუძლიათ რეკლამის შემკვეთებსა და სააგენტოებს პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება. ისინი ასევე აკონტროლებენ მომხმარებლის მონაცემებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია უფრო მიზნობრივად, უფრო რელევანტური რეკლამისთვის.
  • წინა პუნქტი შესაძლოა იყოს ძირითადი ფაქტორი, რის გამოც მომხმარებელი ზედმეტი რეკლამისგან ღიზიანდება, რასაც მივყავართ რეკლამის დამბლოკველი საშუალებების რაოდენობის ზრდისკენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის (GDPR) შესახებ რეგულაცია, რომელიც გასულ წელს ევროკავშირის მიერ ამოქმედდა, ასევე ართულებს სამიზნე აუდიტორიის შერჩევის პროცესს სარეკლამო ინდუსტრიისთვის. სხვა, მსგავსი რეგულაციები და კანონები, დიდი ალბათობით, ასევე იქნება შემზღუდველი უახლოეს წლებში.
  • ინტერნეტრეკლამა განიცდის თაღლითობის მასიურ შემთხვევებს. 2018 წელს ციფრულ რეკლამაზე გაწეულმა ხარჯმა 111,14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს მედიარეკლამის 55% სწორედ ინტერნეტში გავრცელდება. გასულ წელს, რეკლამის დამკვეთებმა დაახლოებით 19 მლრდ დაკარგეს თაღლითობის გამო. 

ეს მიზეზები მხოლოდ ნაწილია იმისა, რის გამოც რეკლამის დამკვეთები და სააგენტოები ბლოკჩეინს დიდი იმედით უყურებენ. 

ბლოკჩეინი, როგორც რეკლამის გადამრჩენი 

ერთი არგუმენტი, რის გამოც ბლოკჩეინი ინტერნეტრეკლამის გადამრჩენად ითვლება, არის ის შესაძლებლობა, რაც მას საშუალებას აძლევს რეკლამის შემკვეთები და გამომცემლები ეფექტურად დააკავშიროს სამიზნე აუდიტორიასთან და ამასთან, შეამციროს მათი ხარჯები. კარგად ჟღერს არა? იმის გათვალისწინებით, რომ სტარტაპების რაოდენობა იზრდება, ეს ტექნოლოგიაც ძალას იკრებს და ზემოთ წარმოდგენილ გამოწვევებს პასუხობს შემდეგი გზით:

  • სარეკლამო სფეროს მეტი გამჭვირვალობა, რაც რეკლამის შემკვეთებსა და სააგენტოებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ თუ რა შეტყობინებები ჩნდება, როდის, ვისთან და ა.შ.
  • რეკლამის ჩვენება კერძო პირებისა და სამომხმარებლო სეგმენტისთვის, რომლითაც ისინი დაინტერესებული არიან.
  • კონტროლის შესაძლებლობის მიცემა მომხმარებლისთვის თუ რა ინფორმაციას აზიარებენ რეკლამის შემკვეთებთან, ასევე იმის გაგება, თუ რისთვის გამოიყენება ეს მონაცემები. შედეგად, ისინი, ვინც ბლოკავს რეკლამას ნაკლებად აქტუალური ხდება. დამატებითი სტიმულისთვის, ზოგიერთი ბლოკჩეინ კომპანია ცდილობს მომხმარებელი დააჯილდოვოს, წაახალისოს იმ დროისთვის, რასაც ეს უკანასკნელი რეკლამის ნახვისთვის ხარჯავს.
  • თაღლითობისა და ადმინისტრაციული პრობლემების პოტენციური მოგვარება, ისეთი პრობლემებისა, როგორიც არის ორმაგი დანახარჯები, როცა ციფრული რესურსები იყიდება ერთ ჯერზე მეტად.
  • სფეროში გადახდისა და ანგარიშსწორების ოპტიმიზაცია, რომელიც ებრძვის ანგარიშსწორების გრძელ ვადებს. 

მოკლედ რომ ვთქვათ, ინტერნეტრეკლამის სისტემები ბლოკჩეინის ბაზაზე პოტენციურად ზრდის გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და კონტროლს სარეკლამო ჯაჭვის სხვადასხვა ნაწილზე პოტენციური კლიენტების, რეკლამის შემკვეთებისა და სააგენტოებისთვის.