• საკანონმდებლო მაცნე / 2019 No.3
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / 2019 No.3

03 ივლისი 2019

საჯარო გადაწყვეტილება

კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის შესახებ

2019 წლის 2 ივლისს გამოქვეყნდა ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება (№201, 28.06.2019) კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე. საჯარო გადაწყვეტილების თანახმად დადგინდა შემდეგი:

  • კრიპტოაქტივი წარმოადგენს ვირტუალურ ვალუტას, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც ფულის ალტერნატივა
  • რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ფულზე საკუთრების უფლების გადაცემა არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და კრიპტოაქტივი წარმოადგენს ფულის ალტერნატივას, მისი მიწოდებაც ასევე არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას
  • რადგან კრიპტოაქტივს არ გააჩნია ფიზიკური ფორმა, არ მდებარეობს კონკრეტულ ადგილას და მისი ემიტენტის დადგენა როგორც წესი შეუძლებელია, ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია ოპერაციის განხორციელების ადგილის დადგენა, მიჩნეული უნდა იყოს, რომ კრიპტოაქტივის მიწოდება არ ხორციელდება აუცილებლად საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ მისი გაყიდვით მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას
  • კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება სსკ-ის მიხედვით დღგ-ის მიზნებისთვის წარმოადგენს ელექტრონულად გაწეულ მომსახურებას და მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის  რეგისტრაციის ან მართვის ადგილი. შესაბამისად, თუ სიმძლავრის მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს, ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაცია არ დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას
  • თუ  სიმძლავრის მიმღები წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაცია განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად
  • ორივე შემთხვევაში სიმძლავრის მიმწოდებელ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს ამ მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი დღგ-ის თანხა.

საჯარო გადაწყვეტილება ძალაშია 2019 წლის 2 ივლისიდან.