• საკანონმდებლო მაცნე 2018 No.11
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე 2018 No.11

05 ოქტომბერი 2018

ცვლილებები კანონში

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება
2018 წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნდა ცვლილება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტში და 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტში. აღნიშნული ქვეპუნქტები საშემოსავლო გადასახადისგან (82-ე მუხლი) ათავისუფლებდა კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებას, ხოლო მოგების გადასახადისგან (99-ე მუხლი) ამ ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილებას.
 
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არეგულირებდა საკუთრების უფლებას. სსკ-ში შესული ცვლილების თანახმად კონსტიტუციის 21-ე მუხლის ნაცვლად მითითებულია მე-19 მუხლი, რადგან საკუთრების უფლება უკვე მე-19 მუხლით რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, სსკ-ში შესული ცვლილება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებით. ხოლო შინაარსობრივად შეღავათის ზემოთაღნიშნულ მუხლებში ცვლილება არ არის.
 
ცვლილება ძალაშია საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე.
 

ცვლილებები ბრძანებაში

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება
ცვლილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც ვალდებულება იმის შესახებ, რომ ხორბლისა და მესლინის ასევე ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, 2018 წლის 15 სექტემბრის ნაცვლად  აისახება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. ცალკეულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, აღნიშნული საქონლის შემოტანა-გატანა შესაძლებელია ასევე განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებითაც.
 
ცვლილება ძალაშია 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.
 
საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსების წესი
ცვლილება შევიდა გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის ნაწილში, რაც გამოიწვია სსკ-ის 154-ე მუხლის ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც საგადასახადო აგენტს არ აქვს ვალდებულება წყაროსთან დააკავოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირების, ნოტარიუსების, კერძო აღმასრულებლების, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირების საშემოსავლო გადასახადი გადახდის წყაროსთან. შესაბამისად დეკლარაციის მე-19 უჯრაში მონაცემები შეიტანება ზემოთ აღნიშნულ პირებზე გაცემული განაცემების გამოკლებით. ასევე მიეთითა, რომ აღნიშნულ გრაფაში შეიტანება განაცემები ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად.
 
ცვლილება ძალაშია 2018 წლის 13 სექტემბრიდან და ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.