სტატია:

როგორ შევარჩიოთ კარგი ბუღალტერი ან აუთსორსინგ კომპანია?

24 სექტემბერი 2018

მოცემულ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ და რატომ უნდა შეაფასოთ  ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი და როგორ იპოვოთ პროფესიონალი, რომელიც თქვენს ფინანსურ და ბიზნეს საჭიროებას მოერგება. 

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ფუნქციით უკმაყოფილება ყველაზე ხშირად დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ ისინი ბუღალტრის კადრის ქვეშ მოიაზრებენ  კვალიფიციურ მრჩეველს, მაგრამ ხშირად მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამ პოზიციაზე მომუშავე პროფესიონალი უფრო საგადასახადო აგენტია, რომელიც სასურველი ანალიტიკური საქმიანობის ნაცვლად, ფოკუსირებულია რუტინულ სამუშაოზე, სააღრიცხვო ჩანაწერების წარმოებაზე, დეკლარაციების მომზადებასა და ჩაბარებაზე.

მცირე ბიზნესს არ აქვს შესაძლებლობა, ცალ-ცალკე სრულფასოვანი პოზიციები გაითვალისწინოს ფინანსური მენეჯერის, საგადასახადო სპეციალისტისა და ბუღალტრის ფუნქციებისთვის. ამიტომ მას სჭირდება  ბუღალტერი, რომელიც უფრო ორიენტირებულია, დამქირავებელს დამატებითი ღირებულების სახით შესთავაზოს  ანალიზი და რჩევები, რომელიც კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს რომ ბუღალტერი ვალდებულია კომპანიაში სრულად შეითავსოს ფინანსური მენეჯერის თუ საგადასახადო ექსპერტის როლი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში კომპანიის მიზნებისა და ამოცანების გაანალიზება შეძლოს და თავისი საქმიანობა ამ მიზნებისა და ამოცანების შესრულების არსებით ნაწილად აქციოს.

ამ თვალსაზრისით აუთსორსინგული კომპანიები ბუნებრივია, აღარ არიან მხოლოდ საბაზისო სააღრიცხვო ფუნქციის შემსრულებლები, არამედ ისინი  დამკვეთისთვის ფაქტობრივად ბიზნეს კონსულტანტის როლში გადადიან. დინამიურად განვითარებადი სააღრიცხვო ტექნოლოგიებითა და ავტომატიზაციით ისინი ეფექტურად,  გაცილებით უფრო სწრაფად ახერხებენ დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას და ინტერპრეტირებას დამკვეთის ბიზნესის ენაზე. შესაბამისად, დრო ანალიზსა და სტრატეგიულ ამოცანებზე სამუშაოდ უფრო მეტი რჩებათ.

პროდუქტიულობა და ეფექტური კომუნიკაცია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიისთვის ფასეულობის შექმნის პროცესში, თუმცა მენეჯმენტის როლი ამაში განსაკუთრებით დიდია.  აუცილებელია ბუღალტერთან/აუთსორსერთან  მეტი კომუნიკაცია,  თქვენი მოლოდინის გაზიარება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მის მზადყოფნას, მოგცეთ გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები.

თუ თქვენ ახლა ხართ ბუღალტრის ან აუთსორსერის შერჩევის ეტაპზე, ან ფიქრობთ ცვლილებას გარკვეული გარემოებების გამო, იმისთვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი შეფასებების სისწორეში, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

როგორ შევარჩიო კარგი ბუღალტერი? 

  • დარწმუნდით რამდენად მნიშვნელოვანია ბუღალტერი ფიზიკურად თქვენს ოფისში მუშაობდეს. თუ თანამედროვე, ქლაუდზე დაფუძნებული მომსახურება თქვენი ბიზნეს მოდელისა და მმართველობის ტიპისთვის მისაღებია, მაშინ ძიებისას შეზღუდული არ იქნებით გეოგრაფიული ფაქტორით და შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებისას დაკონცენტრირდეთ კანდიდატის შესაძლებლობებზე დისტანციური ურთიერთობის დროსაც.
  • პირდაპირ ჰკითხეთ, სთხოვეთ აგიხსნათ, როგორ ესახება თქვენთან მუშაობა და როგორ დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. გაარკვიეთ, რამდენად პროაქტიული მუშაობის სტილი აქვს, რამდენად აზროვნებს ჩარჩოებს გარეთ და ესმის თქვენი ბიზნესის ენა.
  • გაარკვიეთ, როგორ ესახება თავისი განვითარება თქვენთან ერთად. დარწმუნდით, რომ პროფესიული სფეროს სიახლეებს მუდმივად თვალყურს ადევნებს და საქმიანობის პროცესში სათანადოდ გამოიყენებს.
  • დააზუსტეთ, აქვს თუ არა ისეთ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, რომელსაც თქვენის მსგავსი ბიზნეს მოდელი აქვს.
  • დარწმუნდით, რომ ტექნოლოგიების მნიშვნელობას თქვენნაირად იზიარებს და მუშაობის პროცესში სწორად და ოპტიმალურად გამოიყენებს სააღრიცხვო პროგრამას, რომელზეც შეთანხმდებით.

როგორ შევარჩიო კარგი აუთსორსერი ჩემი ბიზნესისთვის?

თქვენი კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი იქამდე, ვიდრე ბიზნეს პარტნიორს შეარჩევთ, კერძოდ:

დამოკიდებული იქნებით თუ არა აუთორსერი კომპანიის გეოგრაფიულ მდებარეობაზე?

კარგი აუთსორსერის მნიშვნელოვანი თვისობრივი სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ სრულიად შეუზღუდავი იყოს დამკვეთის ფიზიკური მდებარეობა და გადაადგილების შესაძლებლობა. ინტერენტზე დაფუძნებულმა მომსახურებამ - თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ქლაუდ გადაწყვეტილებებმა, რომელიც ონლაინ დაშვებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა, არარელევანტური გახადა ფიზიკური ჩარჩოები. მნიშნველობა არ აქვს რა ტიპის, ზომის, გეოგრაფიული მდებარეობის და ინდუსტრიის ბიზნესი გაქვთ, აუთსორსინგის პროვაიდერმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ თქვენ ერთდროულად მიიღოთ კომპლექსური პროფესიონალური მომსახურება და უახლესი ტექნოლოგიური მხარდაჭერა დისტანციურად.

კიდევ რა სხვა მომსახურებას მოიცავს ფირმის საქმიანობა?

როცა აუთსორსერთან ურთიერთობას იწყებთ, ძნელია თავიდანვე ზუსტად იცოდეთ თუ რა მომსახურება დაგჭირდებათ მისგან მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ იცნობდეთ საბუღალტრო სერვის პროვაიდერი ფირმის შესაძლებლობებს და გქონდეთ ნათელი წარმოდგენა, თუ რამდენად შეძლებს იგი თქვენი ბიზნესის მზარდი მოთხოვნების მხარდაჭერას ახლა და მომავალში.

როგორი უნდა იყოს თქვენი და აუთსორსერის ურთიერთობა?

ეს ასპექტი სხვა დანარჩენებს შორის არანაკლებ მნიშვნელოვანია. აუცილებელია აუთსორსინგის პროვაიდერთან, როგორც თქვენ ბიზნეს პარტნიორთან, თავს კომფორტულად გრძნობდეთ და თვლიდეთ, რომ ის თქვენი ბიზნესისა და მართვის თქვენეული მოდელისთვისაც მისაღები და შესაფერისია. მნიშვნელოვანია, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ, მათ შორის ძალიან სენსიტიური ინფორმაციის ირგვლივ მსჯელობის დროსაც. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ტენდენციებთან შესაბამისობის რა პერსპექტივები გექნებათ აუთსორსერთან მუშაობისას?

დარწმუნდით, რომ შერჩევის კანდიდატ კომპანიას ინოვაციებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვს და სათანადო მნიშნვნელობას ანიჭებს ინვესტირებას ტექნოლოგიურ განვითარებაში იმისათვის, რომ დაგეხმაროთ, ყოველთვის ფეხს უწყობდეთ თანამედროვე ტენდენციებს, რაც ბიზნესის წარმატებისთვის უდავოდ კრიტიკული საკითხია.

აუთსორსინგულ კომპანიას უნდა ჰქონდეს გამართული შიდა სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის სტანდარტებს იმისათვის, რომ შეძლოს აიღოს პასუხისმგებლობა საბუღალტრო მომსახურების სათანადოდ გაწევაზე.

საბოლოო ჯამში, თქვენ, როგორც ბიზნესს, ყველაზე უკეთ გესმით, პარტნიორთან როგორი ტიპის თანამშრომლობაა მისაღები იმისთვის, რომ მთავარ მიზნებს მიაღწიოთ. გარემო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ბიზნესს მუდმივად სიახლესთან ადაპტირება უწევს, თანაც გარდა იმისა, რომ დღეს ფეხი აუწყოს მიმდინარე ინოვაციებს, პარალელურ რეჟიმში მუდმივად მზად უნდა იყოს უფრო მეტი ცვლილებისთვის ხვალ. ამიტომ თანამშრომლობა სწორად შერჩეულ პარტნიორთან, რომელსაც შეუძლია შეაფასოს და გააანალიზოს თქვენი ბიზნესის სპეციფიური არეები, საჭიროებები და პერსპექტივები, კრიტიკულად მნიშნველოვანია.

თუ გსურთ გასაუბრება სტატიაში განხილული სტრატეგიის ირგვლივ, დაუკავშირდით ჩვენს  აუთსორსინგის განყოფილებას.