• საკანონმდებლო მაცნე / ოქტომბერი 2019 No.5
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / ოქტომბერი 2019 No.5

09 ოქტომბერი 2019

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება |

ცვლილება ბრძანებაში

დამქირავებლის კუთვნილი ავტომობილის გამოყენება დაქირავებულის მიერ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის N289 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში.  აღნიშნული განაპირობა ამავე წლის ივლისის თვეში საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებამ, რომელიც ეხებოდა კომპანიის კუთვნილი ავტომობილის თანამშრომლის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

ცვლილების თანახმად:

  • ავტომობილი პირად სარგებლობაში გამოყენებულად ითვლება, თუ შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით დაქირავებული უფლებამოსილია ავტომობილი გამოიყენოს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისთვის
  • ამასთან, ავტომობილი არის სესნ 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი.

საშემოსავლო  გადასახადი გადაიხდება სრულად, შესაბამის  საანგარიშო  პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა რაოდენობის მიუხედავად.

აქვე, დაკონკრეტდა, რომ:

  • თუ დაქირავებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორ ან მეტ ავტომობილს იყენებს პირადი სარგებლობისათვის, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება იმ ავტომობილის მიხედვით, რომელსაც უფრო მეტი დღის განმავლობაში იყენებს, ხოლო თუ დღეთა რაოდენობა თანაბარია - იმ ავტომობილის მიხედვით, რომლის ძრავის მოცულობაც უმაღლესია
  • თუ ერთსა და იმავე ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იყენებს ერთდროულად რამდენიმე დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე - თითოეულ დაქირავებულთან მიმართებაში.

ამავე ცვლილებით დამტკიცდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ახალი ფორმა, რომელიც უკვე მოიცავს შესაბამის ველებს დაქირავებულის მიერ ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დაბეგვრისათვის. ამ ველებში უნდა მიეთითოს შემდეგი მონაცემები:

  • ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)
  • ავტომობილის ძრავის მოცულობა
  • ავტომობილის პირადი მიზნებისთვის მოსარგებლე დაქირავებულის სახელი და გვარი
  • ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა ლარში.

ცვლილება ძალაშია 2019 წლის 26 სექტემბრიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე.