• საკანონმდებლო მაცნე / ნოემბერი 2019 No.6
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / ნოემბერი 2019 No.6

08 ნოემბერი 2019

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება |

ცვლილება კანონში

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 16 ოქტომბრის N5129-Iს კანონით, შემდეგი ცვლილებები შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

აქციზის გადამხდელი

ცვლილების თანახმად, 21 ნოემბრიდან აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შემდეგ კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას:

  • 2401 - თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები;
  • 2403 11 000 00 - ყალიონით მოსაწევი თამბაქო;
  • 2403 19 000 00 - დანარჩენი მოსაწევი თამბაქო, რომელიც შეიძლება შეიცავდეს თამბაქოს შემცვლელებს ნებისმიერი პროპორციით, გარდა ყალიონით მოსაწევი თამბაქოსი;
  • 2403 91 000 00 - ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო.

ამასთან, პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ ამ ოპერაციაზე და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტი არის საქონლის მიწოდების მომენტი, ხოლო, დეკლარაცია უნდა წარადგინოს ოპერაციის მოხდენის თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.

ცვლილება შევიდა აგრეთვე სსკ-ის 185-ე მუხლში და განისაზღვრა, რომ თამბაქოს ნედლეულისათვის და თამბაქოს ნარჩენებისათვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება მათი წონის მიხედვით.

ამასთან, 188-ე მუხლით განისაზღვრა აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენებისთვის, აგრეთვე ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქოსთვის 1 კგ-ზე 60 ლარის ოდენობით.

ცვლილება შეეხო 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნასაც. ცვლილებამდელი რედაქციით 2403 11 000 00 კოდით განსაზღვრული ,,ყალიონით" მოსაწევი თამბაქო და 2403 19 000 00 - დანარჩენი თამბაქო იბეგრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებული იქნებოდა პირველად საფუთავებში  ნეტო-მასით არაუმეტეს 500 გრამისა.

ცვლილებით განისაზღვრა, რომ ზემოთ აღნიშნულ კოდებში (2401; 2403 11 000 00; 2403 19 000 00; 2403 91 000 00) მოცემული საქონლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი-ნეტო მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა. ამასთან,  ამ საქონლის პირველად საფუთავებში დაფასოება აქციზური საქონლის წარმოება არ არის. შესაბამისად, ყალიონით მოსაწევი და დანარჩენი თამბაქო დაიბეგრება არა მხოლოდ 500 გრამიანი ნეტო-წონით დაფასოებით გაყიდვისას, არამედ მინიმუმ 50 გრამიანი დაფასოებით მიწოდებისას.

ცვლილებით გაიზარდა სეს-ესნ 2402 20 კოდში მითითებული უფილტრო სიგარეტების (20 ღერი) აქციზის განაკვეთი. კერძოდ, თუ ცვლილებამდე კოდექსით განსაზღვრულ აქციზის ფიქსირებულ განაკვეთს ემატებოდა საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 10 პროცენტი, ცვლილების შედეგად აქციზის განაკვეთს უნდა დაემატოს საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტი.

კანონი ძალაშია 2019 წლის 21 ნოემბრიდან.

აქციზური მარკებით ნიშანდება

კანონით ცვლილება შევიდა აქციზური მარკების მუხლში (მუხლი 192), რომლის მიხედვითაც სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები, ასევე სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.

ამასთან, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისგან თავისუფლდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 90 980 01 კოდებში მითითებული შესაბამისი თამბაქოს ნედლეული და ნარჩენების საქონლის იმპორტი.

კანონი ძალაშია 2019 წლის 21 ნოემბრიდან.

იმპორტის გადასახადი

ცვლილება შევიდა იმპორტის გადასახადის მუხლშიც, რომლითაც განისაზღვრა, რომ თამბაქო და თამბაქოს ნებისმიერი სამრეწველო შემცვლელები მიუხედავად ოდენობისა დაიბეგრება იმპორტის 12%-იანი განაკვეთით.

კანონი ძალაშია 2019 წლის 21 ნოემბრიდან.