• საკანონმდებლო მაცნე / იანვარი 2020 No.1
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / იანვარი 2020 No.1

20 იანვარი 2020

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება |

ცვლილება კანონში

დივიდენდის დაბეგვრა წყაროსთან

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 11 დეკემბრის №5499-Iს კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის 41 ნაწილში. კერძოდ, ცვლილებამდე არსებული ჩანაწერით 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრებოდა და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარებოდა.

ცვლილებით განისაზღვრა, რომ გადახდის წყაროსთან აღარ დაიბეგრება მხოლოდ იმ მოგების დივიდენდის სახით განაწილება, რომელიც მიღებულია წმინდად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან. თუმცა, კოოპერატივის მეპატრონეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილება დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

კანონი ძალაშია 2020 წლის 1 იანვრიდან.

ბაზრობის საქმიანობის რეგულაციები

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 19 დეკემბრის №5626-Iს კანონით ცვლილება შევიდა გარდამავალი დებულებების მუხლში. კერძოდ:

  • მე-15 ნაწილში - ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლებით კვლავ ისარგებლებენ 2022 წლის პირველ იანვრამდე (ცვლილებამდე საბოლოო თარიღი იყო 2020 წლის 1 იანვარი).
  • 42-ე ნაწილში - პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) 2018 წლის 1 იანვრამდე ეწეოდა, ვალდებულია არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით. ცვლილებამდე არსებული რედაქციით აღნიშნული ვადა განსაზღვრული იყო 2020 წლის 1 იანვრამდე.
  • დაემატა 111-ე ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა, რომ ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირისთვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაწესებული სანქციების მოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა.

კანონი ძალაშია 2020 წლის 27 დეკემბრიდან.

ტერმინთა განმარტება

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №5677-რს კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში, ტერმინთა განმარტების მუხლში, დივიდენდისა და პროცენტის განმარტების ნაწილში.

ცვლილების თანახმად დივიდენდად ასევე განიხილება რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

ცვლილების თანახმად პროცენტად ითვლება ასევე:

  • სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდების ფასსა და შეძენის ფასს შორის სხვაობის თანხის ნაწილი ამ ფასიან ქაღალდზე მიწოდების მომენტამდე დარიცხული და აუნაზღაურებელი პროცენტის ოდენობით;
  • რეპო შეთანხმების ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის  ფასსა და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის წინასწარ შეთანხმებულ ფასს შორის სხვაობა;
  • რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის  ფარგლებში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული ანაზღაურების თანხა, რომელიც არის აღნიშნული გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიან ქაღალდებზე დარიცხული და მყიდველის მიერ ფაქტობრივად მიღებული პროცენტი.

ცვლილება ძალაშია 2020 წლის 14 იანვრიდან.

ახალი ტერმინები და მათთან დაკავშირებული რეგულაციები

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №5677-რს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში განისაზღვრა ახალი ტერმინები და მათთან დაკავშირებული რეგულაციები. ეს ტერმინებია:

  • რეპო შეთანხმება, უკურეპო შეთანხმება
  • ფასიანი ქაღალდების გასესხება
  • ფინანსური გირავნობა
  • დერივატივი

ახალ ცნებებთან დაკავშირებული რეგულაციები განისაზღვრა სსკ-ის 136-ე 148-ე და 149-ე მუხლებში შესული ცვლილებებით, კერძოდ:

  • პირის მიერ დერივატივის ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობის განსაზღვრა და აღიარება ხდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რომლებზედაც არ გავრცელდება აღნიშნული წესი.
  • მყიდველის/მსესხებლის მიერ რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში თავდაპირველად შეძენილი/მიწოდებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მესამე პირისთვის მიწოდების შემთხვევაში მიწოდებული/გამოსყიდული სასესხო ფასიანი ქაღალდის ღირებულება და ფასი თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება გამყიდველის/გამსესხებლის მიერ პირველად მიწოდებული ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასით.
  • სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული პროცენტი, რომელიც შესყიდვის თანხის ნაწილია, უნდა ჩაითვალოს პროცენტად, რაც შეამცირებს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას და იგი არ ჩაითვლება მყიდველის საერთო შემოსავალში.
  • დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის  ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდება და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის/გამსესხებლისთვის დაბრუნება.

ცვლილება ძალაშია 2020 წლის 14 იანვრიდან.

დღგ-ის და იმპორტის გადასახადებისგან განთავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 10 დეკემბრის N5444-Iს კანონით ცვლილება შევიდა სსკ-ის 168-ე და 199-ე მუხლებში, რომლის მიხედვითაც  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია როგორც იმპორტის გადასახადისგან, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე.

კანონი ძალაშია 2020 წლის 12 იანვრიდან.

ცალკეულ შემთხვევაში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის მიწოდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 13  დეკემბრის №388 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში. კერძოდ, 772-ე მუხლში რომელიც განსაზღვრავს ცალკეულ შემთხვევაში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის მიწოდებას.

ცვლილებამდე არსებული რედაქციით თამბაქოს ნაწარმის წარმოებას არ წარმოადგენდა მხოლოდ სეს-ესნ 2401 კოდში (თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები) მითითებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოში მოყვანა და პირველადი დამუშავება. ცვლილებით განისაზღვრა, რომ წარმოებას არ წარმოადგენს ასევე შემდეგი:

  • იმპორტირებულ საქონელთან მიმართებით იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, „ყალიონით“ მოსაწევი თამბაქოს მხოლოდ პირველადი დამუშავება, დაჭრა, პირველად საფუთავებში დაფასოება;
  • საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 კოდში (თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები) მითითებული ადგილობრივად მოყვანილ საქონელთან მიმართებით, ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებლისთვის მიწოდების მიზნით აღნიშნული საქონლის საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა.

ბრძანება ძალაშია 2019 წლის 17 დეკემბრიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2019 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.